მედია – ჯაკარტადან აფრენის შემდეგ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები სავარაუდოდ, ზღვაში იპოვეს
09/01/2021 13:16:32 მსოფლიო
მაშველებმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრენის შემდეგ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები სავარაუდოდ, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ზღვაში იპოვეს.
"რამდენიმე კაბელი, ჯინსის ნაჭერი და ლითონის ნამსხვრევები აღმოვაჩინეთ”, - განუცხადა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNNInd Indonesia.com- ს.
ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. ავიაკომპანიის Sriwijaya Air კუთვნილი სამგზავრო ბოინგი 737 ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, როდესაც მასთან სიგნალი დაიკარგა.
ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის ბუდი კარია სუმადის განცხადებით, ბორტზე 62 ადამიანი, მათ შორის 50 მგზავრი (43 ზრდასრული და 7 ბავშვი) და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება.
ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.


