Lancet – გამოიკვეთა 3 ძირითადი გართულება, რომელიც კორონავირუსისგან განკურნებულ პირს შესაძლოა, 6 თვის განმავლობაში აღენიშნებოდეს
09/01/2021 06:49:36 მსოფლიო
სამედიცინო ჟურნალი Lancet აქვეყნებს კვლევის შედეგებს იმის თაობაზე, რა ძირითადი გართულებები აღენიშნებათ კორონავირუსისგან განკურნებულ პირებს.
Lancet–ს ცნობით, გამოიკვეთა 3 ძირითადი გართულება, რომელიც დაავადებისგან განკურნებულ პირებს 6 თვის განმავლობაში აღენიშნებოდა.
კერძოდ, კვლევის შედეგების თანახმად,
- კვლევაში მონაწილეთა უმეტესობას (63%) დაღლილობა ან კუნთების სისუსტე აღენიშნებოდა;
- მეორე გართულებად უძილობა გამოიკვეთა, ეს სიმპტომი კვლევაში მონაწილეთა 26%–ს აღენიშნებოდა;
- მესამე გართულებად შფოთვა და დეპრესია გამოიკვეთა, ეს სიმპტომი კვლევაში მონაწილეთა 23%–ს აღენიშნებოდა;
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 89 366 354 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 922 288 ადამიანი იმსხვერპლა. 64 038 323 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.


