აშშ–ის FDA ლაბორატორიებს აფრთხილებს, მოლეკულური კვლევის მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა შესაძლოა, კორონავირუსის ახალი სახეობები ვერ დაადასტუროს
08/01/2021 20:28:33 მსოფლიო
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ცნობით, მოლეკულური კვლევის მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა შესაძლოა, კორონავირუსის ახალი სახეობები, მათ შორის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამი, ვერ დაადასტუროს.
FDA მოუწოდებს ლაბორატორიებს, რომ თუ პაციენტის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ იგი კორონავირუსის ახალი სახეობით არის ინფიცირებული, ამ პირზე კლინიკური დაკვირვება უნდა მოხდეს და ჩაუტარდეს განმეორებით ტესტი ტესტირების სხვა მეთოდით.
FDA–ს განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსის ახალმა სახეობებმა რისკის ქვეშ დააყენოს ყველა სახეობის ტესტი, ძალიან დაბალია.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 88 807 247 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 912 170 ადამიანი იმსხვერპლა. 63 776 836 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.


