Accentnews.ge
მედია – აშშ–ის გენშტაბის უფროსის თქმით, ყველა ზომაა მიღებული, ტრამპს ბირთვული იარაღით შესაძლო შეტევის განხორციელების საშუალება არ მისცენ

მედია – აშშ–ის გენშტაბის უფროსის თქმით, ყველა ზომაა მიღებული, ტრამპს ბირთვული იარაღით შესაძლო შეტევის განხორციელების საშუალება არ მისცენ

08/01/2021 19:33:25 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის მიმართა, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბირთვული იარაღით შესაძლო შეტევის განხორციელების საშუალება არ მისცენ.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, გენშტაბის უფროსმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს განუცხადა, რომ მსგავსი ინიციატივის თავიდან ასაცილებლად უკვე ყველა ზომაა მიღებული.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი, პრეზიდენტის ბრძანება ​ბირთვული იარაღით შეტევის თაობაზე დაბლოკონ

აშშ–ში მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება გასცეს ბირთვული იარაღით შეტევის ბრძანება. თუმცა თუ სამხედრო სარდლობამ მრჩეველებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ასეთი ბრძანება უკანონოა, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება დაიბლოკება.

ბირთვული თავდასხმის დაწყება უკანონოდ ითვლება იმ შემთხვევაში, როცა ამის საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს ან სამხედრო პროვოკაციაზე არაპროპორციულ პასუხს წარმოადგენს.

ცნობისთვის: დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ–ში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღე დარჩა, თუმცა არ არის გამორიცხული მან რაიმე ირაციონალური სცადოს.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ "ტრამპი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 თვე დარჩა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებით დაინტერესდა".

მისივე ცნობით, ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის განხორციელების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით შეკითხვები თეთრ სახლში გამართულ ერთ–ერთ დახურულ შეხვედრაზე გააჟღერა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ახალი თავდაცვის მდივანი კრისტოფერ მილერი ესწრებოდნენ.

„მან ვარიანტები იკითხა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე სცენარი დაუსახელეს და ამის შემდეგ პრეზიდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უკან დაეხია", – იუწყებოდა ამერიკული მედია ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით 2020 წლის 17 ნოემბერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S