Accentnews.ge
WHO-ს რეკომენდაციაა, ქვეყნებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილი 21–28–დღიანი პერიოდი არ დაარღვიონ

WHO-ს რეკომენდაციაა, ქვეყნებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილი 21–28–დღიანი პერიოდი არ დაარღვიონ

08/01/2021 16:40:05 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციაა, ქვეყნებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილი 21–28–დღიანი პერიოდი არ დაარღვიონ.

"ჩვენ განვიხილეთ დადგენილი 21–28–დღიანი პერიოდის შესაძლო გახანგრძლივების საკითხი და გავეცით შემდეგი რეკომენდაცია: ამ (BioNTech/Pfizer–ის) ვაქცინის ორი დოზა უნდა გაკეთდეს 21-28 დღის შუალედით. გასაგებია ქვეყნების სურვილი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრან პირველი დოზებით, თუმცა დადგენილი შუალედის დარღვევის რეკომენდაციისთვის ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს”, - განაცხადა WHO– ს იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) თავმჯდომარემ ​ ალეხანდრო კრევიოტომ.

შეგახსენებთ, რომ ​გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, გერმანიაც გეგმავს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილი 21–28–დღიანი პერიოდი დაარღვიოს.

აღნიშნულის მიზეზად ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმას ასახელებენ, რომ „ბევრად უფრო სასურველია, ვაქცინის პირველი დოზა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს".

გერმანია პირველ და მეორე დოზებს შორის 6–კვირინი (42–დღიანი) პერიოდის შემოღებას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის დამოუკიდებელი კომისიიის დასკვნას ელოდება.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ( Pfizer-BioNTech–ის და AstraZeneca-ს ვაქცინების) პირველ და მეორე დოზას 12 კვირის (84–დღიანი) შუალედით გაუკეთებენ.

აღსანიშანვია, რომ დასავლეთში შექმნილი ვაქცინების – Pfizer-BioNTech–ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების ორივე დოზა (პირველი და მეორე დოზა) ერთი და იგივე შემადგენლობისაა. სამივე კომპანიის ცნობით, ადამიანმა პირველი აცრიდან 21–28 დღის შემდეგ მეორე აცრა უნდა გაიკეთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კოვიდ–ინფექციის მიმართ იმუნურია.

აშშ–ში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში Pfizer-BioNTech–ის ვაქცინით მოქალაქეების აცრა გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აქ ვაქცინაციის (Pfizer-BioNTech–ის ​ვაქცინით) პროცესი 23 დეკემბრიდან დაიწყო.

Pfizer-BioNTech–ის ვაქცინის გარდა, 8 იანვრის მონაცემებით, Moderna-ს ვაქცინით აცრები მხოლოდ აშშ–სა და კანადაში, ხოლო AstraZeneca-ს ​ვაქცინით აცრები მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შესაბამისმა უწყებამ Moderna–ს ვაქცინას ავტორიზაცია 6 იანვარს მიანიჭა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 88 807 247 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 912 170 ადამიანი იმსხვერპლა. 63 776 836 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S