გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა Moderna–ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს
08/01/2021 16:11:15 მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა Moderna–ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.
ხსენებული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, Moderna–ს ვაქცინა რეგულატორის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება. ბრიტანეთის მთავრობამ Moderna–ს ვაქცინის 10 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, თუმცა ქვეყანა მას სავარაუდოდ, გაზაფხულამდე ვერ მიიღებს.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ვაქცინის პირველ დოზებს უახლოეს დღეებში ელიან.
ევროკავშირის შესაბამისმა უწყებამ Moderna–ს ვაქცინას ავტორიზაცია 6 იანვარს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის პროცესი Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე მიმდინარეობს. საფრანგეთში კი ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ისა ვაქცინით მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 88 807 247 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 912 170 ადამიანი იმსხვერპლა. 63 776 836 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.


