ვის დაეხმარება მთავრობა ფინანსურად
08/01/2021 13:09:40 საზოგადოება
ახალი წლიდან იწყება ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველი, ეს გახლავთ 1 200-ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი - ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.
მთავარია, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
200-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო – ვინ მიიღებს დახმარებას
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებიან.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპენსაციას მიიღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ორ ან მეტ თვეს იღებდა ხელფასს; ან სამსახური დაკარგა დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.
დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ პირებს, რომლებსაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში არ უფიქსირდებათ სახელფასო განაცემი – საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს.
დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად დამქირავებელმა, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 20 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადებას. განცხადება ივსება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დამქირავებლის გვერდიდან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცემა პირველი იანვრიდან, თვეში 200 ლარი, ექვსი თვის განმავლობაში. კომპენსაციის მიღება შეუწყდება იმ პირს, რომელსაც 2021 წლის მარტის ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდება 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა. კომპენსაციის მიმღებ პირებს კუთვნილ 200 ლარი განცხადებაში მითითებული ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.
განცხადებაში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს.
ამასთანავე, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღებთა რეესტრის გამოყენებით თავად გადაამოწმონ წარდგენილია თუ არა დამსაქმებლის მიერ დაქირავებით დასაქმებულთა მონაცემები კომპენსაციის გაცემის მიზნით.
დამქირავებლებმა განაცხადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 20 იანვრამდე უნდა ატვირთონ, თვის ბოლოს კი, კომპენსაციების გაცემა დაიწყება.


