BBC: მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს
08/01/2021 10:08:20 მსოფლიო
BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საუბარია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე „ტოცილიზუმაბსა“ და „სარილუმაბზე“, რომელთა შემოწმება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს.
ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“.
კვლევა აჩვენებს, რომ მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5%–ით ამცირებს, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის ხაანგრძლივობას:
„ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს და ემატება იაფ სტეროიდულ პრეპარატ „დექსამეტაზონს“, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენი პირველი საშუალება აღმოჩნდა“.
ირკვევა, რომ აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა ძვირადღირებულია, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გაცილებით ნაკლებია ინტენსიური თერაპიის საწოლის ფასზე.


