რამდენჯერ გახდა კაპიტოლიუმი ექსტრემისტების სამიზნე – უცხოელი დამპყრობლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს
08/01/2021 08:16:41 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის მშენებლობა 1793 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. მის საძირკველში პირველი ქვა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ჩადო. შენობაში პირველი სხდომა 1800 წლის 21 ნოემბერს გაიმართა. ამ პერიოდიდან მოყოლებული კაპიტოლიუმის კედლები ძალადობის არაერთი მაგალითის მომსწრენი არიან.
1800 წლიდან დღემდე კაპიტოლიუმი პოლიტიკურად მოტივირებული ექსტრემისტების თავდასხმების სამიზნე 7–ჯერ გახდა. აღნიშნული 7 შემთხვევის გარდა, შენობაში სხვადასხვა დროს კვლავ იყო სროლები, თუმცა ამ ძალადობრივი ინციდენტების საფუძველი პოლიტიკას არ უკავშირდებოდა.
რამდენჯერ გახდა კაპიტოლიუმი ექსტრემისტების სამიზნე

კაპიტოლიუმის შენობა ბრიტანელების შტურმის შემდეგ.1812 წელი.
1812 წელი
1812 წლის ომის დროს ბრიტანელები ვაშინგტონში შეიჭრნენ. გაანადგურეს არაერთი შენობა. კაპიტოლიუმი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მომხდარის შედეგად კონგრესის ბიბლიოთეკა დაიწვა. შენობა სრულად განადგურებას მოულოდნელად წამოსულმა ქარიშხალმა და წვიმამ გადაარჩინა. სწორედ ამ შტორმმა დაახევინა უკან უცხოელ დამპყრობელს, რომელსაც ვაშინგტონი დაახლოებით, 26 საათის განმავლობაში ჰქონდათ დაპყრობილი.
1915 წელი
1915 წელს წარმოშობით გერმანელმა ჰერვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა სენატის მისაღებ დარბაზში ნაღმი დაამონტაჟა და აფეთქება გვიან ღამით განახორციელა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შენობა საკმაოდ დაზიანდა. როგორც იგი აცხადებდა, "ეს ქმედება მშვიდობისკენ მოწოდება იყო". პროფესორი დააკავეს. მოგვიანებით, მან ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პუერტო რიკოელი ნაციონალისტების მიერ დაჭრილი კონგრესმენი ალვინ ბენტლი კაპიტოლიუმის შენობიდან გამოჰყავთ.
1954 წელი
1954 წლის მარტში, პუერტო რიკოელმა ნაციონალისტებმა კაპიტოლიუმის შენობაში, ვიზიტორთა გალერეიდან ცეცხლი გახსნეს. 4–ვე თავდამსხმელი ყვიროდა: "თავისუფლება პუერტო-რიკოს“. მომხდარის შედეგად 5 კონგრესმენი დაიჭრა. პუერტო რიკოელი ნაციონალისტები დააკავეს და დააპატიმრეს. ერთ–ერთი მათგანი 1978 წელს გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი სამი 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა შეიწყალა.
1971 წელი
1971 წლის მარტში ექსტრემისტულმა ჯგუფმა დაამონტაჟა ნაღმი კაპიტოლიუმის შენობის საპირფარეშოში. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობას ასიათასობით დოლარის ზიანი მიადგა.

1983 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კაპიტოლიუმის შენობა.
1983 წელი
1983 წელს, მემარცხენე ჯგუფმა, რომელიც ლიბანსა და გრენადაში სამხედრო მოქმედებას აპროტესტებდა, კაპიტოლიუმის შენობაში ნაღმი დაამონტაჟა და ააფეთქა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა შენობას დიდი ზარალი მიადგა. ხუთწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს სამი ქალი, რომელთაც მომხდარში ბრალი წაუყენეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
2001 წელი
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაედას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანიის შტატში კატასტროფა განიცადა.
2021 წელი
როგორ გამოიყურება კაპიტოლიუმის შენობა ტრამპის მხარდამჭერების შტურმის შემდეგ
ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. კერძოდ, 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.


