კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო ორი მინისტრი თანამდებობას ტოვებს
08/01/2021 07:14:37 მსოფლიო
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი მინისტრი - ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო თანამდებობას ტოვებს, - იუწყება CNN.
ელეინ ჩაო აცხადებს, რომ „ღრმად შეშოთებულია“ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენებით, რომლის თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელი იყო. ბეტსი დევოსი კი წერს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა „არაკეთილსინდისიერი საქციელია.“
6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.
არსებული ცნობებით, არეულობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


