Accentnews.ge
სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეებში – საკითხით ომბუდსმენი დაინტერესდა

სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეებში – საკითხით ომბუდსმენი დაინტერესდა

07/01/2021 16:29:06 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ციხეებში შესაძლო ეპიდემიოლოგიური აფეთქების საკითხზე პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრა შესთავაზეს.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის გამო, პატიმრები პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს და მათ გასაჩივრებას ვერ ახერხებენ.

"ვგეგმავთ, შევთავაზოთ პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრა და დეტალურად განხილვა მათი სამოქმედო გეგმის, თუ რა იგეგმება და რა ნაბიჯებია გადადგმული. არის ე.წ ნახევრად ღია დაწესებულებები, რომლებშიც მეტი რისკი არის, სადაც, ასე ვთქვათ, ბუნებრივია პატიმრებს ერთმანეთთან ინტერაქცია აქვთ დღის განმავლობაში.

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა არის და აქედან გამომდინარე, პატიმრები არ საუბრობენ, არ წერენ საჩივრებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით ამ დაწესებულებებიდან მოხდეს ინფორმაციის დროული მიწოდება", - განუცხადა "ფორმულას" გიორგი ბურჯანაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა ციხეებში მასობრივი ტესტირებები 31 დეკემბერს დაიწყო. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ქალთა N5 დაწესებულებაში კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა. ციხის ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ ინფიცირებულ პატიმრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და მკურნალობას სამედიცინო პერსონალირ მეთვალყურეობის ქვეშ, ჯანმრთელი პატიმრებისგან იზოლირებულ სივრცეებში გადიოდნენ.

"აქცენტის" ინფორმაციით, ინფიცირებულია კიდევ 10 პატიმარი ქალი.

31 დეკემბრის შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდათ N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების პატიმრებსაც, თუმცა, უწყების ცნობით, არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S