კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში აღმოაჩინეს
07/01/2021 12:16:37 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა.
როგორც ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ აღნიშნა, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არ დამძიმებულა.
მისივე განცხადებით, ახალი შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა და ბავშვები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ.
კლუგეს პროგნოზით, უახლოეს ხანში „კოვიდ-19“ კიდევ შეიცვლება.
მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
„ეს იქნება სოლიდარობის ტესტი, განსაკუთრებით მდიდარი სახელმწიფოებისთვის, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა კლუგემ და დასძინა, რომ აუცილებელია, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანების და სამედიცინო პერსონალის აცრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ცნობით, ევროპის 53 ქვეყენაში 2020 წელს კორონავირუსის 26 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს. დაიღუპა 580 000 ადამიანი.


