ჯორჯ ბუში: "არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ"
07/01/2021 09:27:40 მსოფლიო
არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, – ასე ეხმიანება კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი.
მისივე განცხადებით, ის შეძრულია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობით.
„ეს ამაზრზენი და გულდასაწყვეტი სანახავია. არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევით, რაც არჩევნების შემდეგ ხდება და იმ უაპტივცემლობით, რომელიც ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართაა გამოხატული. ძალადობირვი თავდასხმა კაპიტოლიუმზე და კონგრესის სხდომის ჩაშლა განახორციელეს, რომელთა ვნებებს ცეცხლი შეუნთო ტყუილებმა და ცრუ იმედებმა. აშშ-ში ყველა პარტიოტი მოქალაქისთვის ფუნდამენტურია კანონის უზენაესობის პატივისცემა. ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკაა“, – აცხადებს ჯორჯ ბუშ უმცროსი.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.


