ვირჯინიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
06/01/2021 23:46:37 მსოფლიო
ვაშინგტონის მოსაზღვრე ვირჯინიის შტატში კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტემმა გამოსცა.
„ქალაქების ალექსანდრიისა და არლინგოტონის ხელმძღვანელების მოთხოვნით, ამ რაიონებში საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე „კომენდანტის საათს“ ვაწესებ, შეზღუდული გამონაკლისებით. მე ასევე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა ვირჯინიის შტატში. ასე, რომ ვაგრძელებთ რეაგირებას“, - დაწერა მან „ტვიტერში“.
ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.
ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისას დაიჭრა, გარდაიცვალა,– იუწყება NBC NEWS სამართალდამცველ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ამერიკული მედია წერს, რომ სამართალდამცველებს მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ. თუმცა, აქციის მონაწილეები კონგრესის შენობის გარეთ მაინც რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში 18:00 საათიდან კომენდანტის საათია გამოცხადებული.
ამასთან, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კონტიმ განაცხადა, რომ არეულობის დროს 13 ადამიანი დააკავეს და არც ერთი მათგანი ვაშინგტონის მკვიდრი არ არის.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირს იარაღი ჩამოართვეს.
CNN-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ვაშინგტონში ორი თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს. ტელეკომპანიის წყაროების მონაცემებით, ერთი ბომბი კაპიტოლიუმის კომპლექსში იყო მოთავსებული.


