ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაჭრეს, გარდაიცვალა
06/01/2021 23:04:51 მსოფლიო
ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისას დაიჭრა, გარდაიცვალა,– იუწყება NBC NEWS სამართალდამცველ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ამერიკული მედია წერს, რომ სამართალდამცველებს მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ. თუმცა, აქციის მონაწილეები კონგრესის შენობის გარეთ მაინც რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში 18:00 საათიდან კომენდანტის საათია გამოცხადებული.
ამასთან, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კონტიმ განაცხადა, რომ არეულობის დროს 13 ადამიანი დააკავეს და არც ერთი მათგანი ვაშინგტონის მკვიდრი არ არის.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირს იარაღი ჩამოართვეს.
CNN-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ვაშინგტონში ორი თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს. ტელეკომპანიის წყაროების მონაცემებით, ერთი ბომბი კაპიტოლიუმის კომპლექსში იყო მოთავსებული.
ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.


