„სენატის დარბაზი დონალდ ტრამპის მომხრეებისგან გაწმენდილია“
06/01/2021 22:55:44 მსოფლიო
ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის რობერტ კონტის განცადებით, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს 13 ადამიანი დააკავეს.
„არცერთი დაპატიმრებული ვაშინგტონის მკვიდრი არ არის,“- განაცხადა კონტიმ.
მისივე თქმით, რამდენიმე დაშავებულ პოლიციელს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირს იარაღი ჩამოართვეს.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სენატის დარბაზი დონალდ ტრამპის მომხრეებისგან გაწმენდილია, საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესის შენობიდან გაიყვანეს.
CNN-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ვაშინგტონში ორი თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს. ტელეკომპანიის წყაროების მონაცემებით, ერთი ბომბი კაპიტოლიუმის კომპლექსში იყო მოთავსებული.
ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.


