საერთაშორისო რეაქცია ვანშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე
06/01/2021 22:41:41 მსოფლიო
აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კონგრესის შენობაში შეჭრასა და იქ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს საერთაშორისო ლიდერები ეხმიანებიან.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა:
„სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელივანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად და გეგმაზომიერად მოხდეს”, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი წერს, რომ სცენებით შოკირებულია:
„შოკისმომგვრელი სცენებია ვაშინგტონში. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ქმედებებით.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ უზრუნველყოფს დემოკრატიის წესების დაცვას“.
აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ნორვეგიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებიც გამოეხმაურნენ და სხვა ლიდერების მსგავსად, კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარე მოვლენები დაგმეს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, ჯო ბაიდენი თავის გუნდთან ერთად გადალახავს ამ დაძაბულობას და ამერიკელ ხალხს გააერთიანებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი წერს, რომ მსოფლიოს თვალში დღეს ამერიკული დემოკრატია ალყაშია.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კაპიტოლიმში შეჭრა არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.
„მსოფლიოს თვალში ამერიკული დემოკრატია დღეს ალყაშია მოქცეული. არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ეს არ არის ამერიკა. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები სრულად უნდა იქნას დაცული. მე მივესალმები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს. აშშ-ის დემოკრატიის სიძლიერე ექსტრემისტ ინდივიდებზე გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბორელი.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო. გამოვდივარ მოწოდებით წესრიგთან მშვიდობიანი დაბრუნებისა და დემოკრატიის პატივისცემისკენ. დემოკრატიული არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც კონსტიტუციურ პრინციპებს, პატივისცემით უნდა მოეკიდო“,- წერს ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობს და მას "საძაგელსა" და "გულდასაწყვეტს" უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუშს თავის განცხადებაში ტრამპი არ უხსენებია, განცხადების შინაარსი აშკარად გულისხმობს პრეზიდენტ ტრამპსა და რამდენიმე რესპუბლიკელ ლიდერს:
"შეძრული ვარ არჩევნების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ტუტუცი ქცევით და იმ უპატივცემულობით, რომელსაც ისინი ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცველების მიმართ იჩენენ", - განაცხადა ბუშმა.
ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვრცელდება ცნობა დაჭრილის შესახებ. ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.


