მედია უკრაინაში უკანონო ვაქცინაციის შესახებ იუწყება
06/01/2021 15:32:10 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა.
აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინაში საიდუმლოდ შეიტანეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა და რამდენიმე მაღალჩინოსანიც, მათ შორის პრემიერ–მინისტრი აიცრა.
მედიის თანახმად, „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა ქვეყანაში ჩარტერული რეისით გასულ წელს შეიტანეს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნები ვაქცინის სანაცვლოდ 2,5 ათასს დოლარს იხდიან.
უკრაინამ წლის ბოლოს ჩინური კომპანია „სინოვაკ ბიოტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 1,9 მილიონი დოზა შეუკვეთა. უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაქცინის 700 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს.


