წელს ალილოს მსვლელობა არ გაიმართება: სად შეგიძლიათ შეგროვილი შესაწირის მიტანა
06/01/2021 11:10:26 საზოგადოება
სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილის განმარტებით, პანდემიის გამო, წელს მსვლელობა არ გაიმართება, თუმცა მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ალილოსთვის შეგროვილი შესაწირი სამების ტაძარში, ასევე 7 იანვარს 12:00 საათიდან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე მიიტანონ.
„ამ დღეს ტრადიციულად, წლებია უკვე ტარდება ალილო. წელს ცოტა სახეცვლილი იქნება. პანდემიიდან გამომდინარე, არ იქნება მსვლელობა. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი იღებდა ხოლმე ალილოს მსვლელობაში მონაწილეობას. ახლა მანქანებით, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მოხდება ქალაქის დალოცვა, კურთხევა ნაკურთხი წყლით და ვისაც ალილოსთვის შესაწირი სურს გაიღოს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სამების საკათედრო ტაძარში მოიტანონ. ასევე, 7-ში 12:00-დან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიტანონ.
ეს შესაწირი შემდგომ აუცილებლად დაურიგდებათ პატიმრებს, ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს. პანდემიის პირველივე დღეებიდან მოინიშნა ტაძრები, ეზოები და ჩვენი ბერები თხოვენ ხოლმე, რომ პირბადე ეკეთოთ ადამიანებს, დისტანცია დაიცვან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დაცული. ასევე, საპატრიარქოს რეკომენდაცია თავიდანვე იყო ისიც, რომ ვინც არის ე.წ. რისკ ჯგუფებში, თავი შეიკავონ მსახურებაზე დასწრებისგან“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.


