რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს
05/01/2021 08:29:25 საზოგადოება
„COVID-19-ის ახალი შტამი კლინიკურად იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც მისი წინამორბედი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 5 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და ამიტომ, მეტი სიფრთხილეა საჭირო.
სამი საეჭვო შემთხვევიდან, COVID-19-ის ახალი, სახეცვლილი შტამის არსებობა საქართველოში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა. ამ შემთხვევის ყველა კონტაქტი ამ ეტაპზე შესწავლილია, ყველა იმყოფება იზოლაციაში და, როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჩატარებულია სრული ეპიდემიოლოგიური კვლევაც.
რაც შეეხება იმას, თუ მოსახლეობის რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ახალი შტამი, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერ არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული აზრი, რომ ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება.
„მხოლოდ გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, რაც დასაბუთებული ჯერ არ არის. ერთადერთი, რაც არის ცნობილი, არის ის, რომ მისი გავრცელების სისწრაფე შესაძლოა იყოს უფრო მეტი, ვიდრე კორონავირუსის პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ შტამის შემთხვევაშიც, მთავარ პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადე, ხელის დეზინფექცია და დისტანცირება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, პაციენტი, რომელსაც ახალი შტამი დაუდასტურდა, 50 წელს გადაცილებული კაცია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.


