არსებული ინფორმაციით, საპატიმროში კორონავირუსით პატიმრის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
04/01/2021 14:45:31 საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „აქცენტს“ წყარო უყვება, პატიმარს გარესმყაროსთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად, ის მაღალი ალბათობით შიდა სივრცეში დაინფიცირდა.
ამჟამად ქალთა საპატიმროში სხვა პატიმრებსაც უტარდებათ ტესტირება.
„აქცენტი“ ინფორმაციის გადამოწმებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეეცადა.
„მოგეხსენებათ, 2020 წლის 31 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური pcr ტესტირება. 31 დეკემბერს PCR ტესტირება ჩაუტარდა N11 პენიტენციური (არასრულწლოვანთა) დაწესებულების 22 მსჯავრდებულს და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. შემდეგი ეტაპი იყო 3 იანვარი, როდესაც PCR ტესტირება ჩაუტარდა N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, სულ 329 პირს, თუმცა ტესტირების პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. როგორც კი პენიტენციური სამსახურისთვის ცნობილი გახდება ამ ტესტირების შედეგები, ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ყველა პატიმარი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს“,– უპასუხეს „აქცენტს“ სასჯელაღსრულებაში.


