გერმანია მკაცრ შეზღუდვებს 31 იანვრამდე ახანგრძლივებს
04/01/2021 11:19:48 მსოფლიო
გერმანია ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს 31 იანვრამდე ახანგრძლივებს, – იუწყება Bild.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, სკოლები, რესტორნები და ბარები არ ფუნქციონირებენ. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. ზამთრის კურორტები დაკეტილია.
2020 წლის 27 დეკემბრიდან გერმანიაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 80–მილიონიან ქვეყნაში ამ დროისთვის 238 809 ადამიანია აცრილი BioNTech/Pfizer–ის ვაქცინის პირველი დოზებით.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 1 775 513 შემთხვევა, დაავადებამ 34 574 ადამიანი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 85 565 257 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 852 122 ადამიანი იმსხვერპლა. 60 534 754 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 628 გარდაიცვალა.


