რატომ ახანგრძლივებენ ქვეყნები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილ 21–დღიან შუალედს
04/01/2021 10:57:40 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, გერმანიაც გეგმავს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის დადგენილი 21–დღიანი პერიოდი დაარღვიოს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, "აღნიშნულის მიზანია, BioNTech/Pfizer–ის უკვე არსებული მწირი რესურსით ვაქცინის პირველი დოზა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუკეთონ".
როგორც Reuters წერს, გერმანია პირველ და მეორე დოზებს შორის 6–კვირინი (42–დღიანი) პერიოდის შემოღებას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის დამოუკიდებელი კომისიიის დასკვნას ელოდება.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ( Pfizer-BioNTech–ის და AstraZeneca-ს ვაქცინების) პირველ და მეორე დოზას 12 კვირის (84–დღიანი) შუალედით გაუკეთებენ. აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმას ასახელებენ, რომ „ბევრად უფრო სასურველია, ვაქცინის პირველი დოზა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს".
აღსანიშანვია, რომ დასავლეთში შექმნილი ვაქცინების – Pfizer-BioNTech–ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების ორივე დოზა (პირველი და მეორე დოზა) ერთი და იგივე შემადგენლობისაა. სამივე კომპანიის ცნობით, ადამიანმა პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ მეორე აცრა უნდა გაიკეთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ პირი კოვიდ–ინფექციის მიმართ იმუნურია.
თავად კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს დადგენილი 21–დღიანი შუალედის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში Pfizer-BioNTech–ის ვაქცინით მოქალაქეების აცრა გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აქ ვაქცინაციის პროცესი 23 დეკემბრიდან დაიწყო. Pfizer-BioNTech–ის ვაქცინის გარდა, 4იანვრის მონაცემებით, Moderna-ს ვაქცინით აცრები მხოლოდ აშშ–სა და კანადაში, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრები მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 85 565 257 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 852 122 ადამიანი იმსხვერპლა. 60 534 754 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 628 გარდაიცვალა.


