ბრიტანელი მეცნიერი: "სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid-19-ის ახალი სახეობა ცილის სტრუქტურას იმდენად ცვლის, ვაქცინების ეფექტურობა საეჭვოა"
04/01/2021 10:14:19 მსოფლიო
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის სერ ჯონ ბელის განცხადებით, დასავლური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid-19-ის ახალი სახეობის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ვფიქრობ, გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინები წარმატებით იმუშავებენ. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ Covid-19-ის ახალ სახეობას, ამ შემთხვევაში ცილის სტრუქტურაში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა, ვაქცინების ეფექტურობა საეჭვოა", – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შტამი გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს და იგი სადღეისოდ მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ამავე პერიოდში გამოვლინდა დაავადების კიდევ ერთი ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკაში. ეს უკანასკნელი გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება.
ორივე სახეობა უფრო მეტად გავრცელებადია, ვიდრე Covid-19. რაც შეეხება სიკვდილიანობას, მეცნიერების თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ Covid-19-ის ახალი სახეობები უფრო "მკვლელია", თუმცა სწრაფად გავრცელების შემთხვევაში ისინი შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზრდება.


