82 წლის კაცი პირველია, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს
04/01/2021 09:49:34 მსოფლიო
82 წლის ბრაიან პინკერი პირველი ადამიანია, ვინც ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს. კორონავირუსის ეს ვაქცინა დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს.
The Guardian წერს, რომ 82 წლის პინკერი, რომელიც ოქსფორდში ცხოვრობს, დიალიზზე მყოფი პაციენტია. ის ადგილობრივი დროით 07:30 საათზე აცრეს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს კორონავირუსის ვაქცინა მივიღე და ასევე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ვაქცინა აქ, ოქსფორდში შეიქმნა.
ექთნები, ექიმები და სხვა სამედიცინო მუშაკები – ყველა არაჩვეულებრივი იყო და ახლა უკვე ერთი სული მაქვს როდის ავღნიშნავ ჩემი ქორწინების 48-ე წლისთავს, ჩემს მეუღლესთან, შირლისთან ერთად,“- აღნიშნა პინკერმა.
AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა Pfizer-BioNTech-ის შემდეგ რიგით მეორე ვაქცინაა, რომელიც ბრიტანეთში გამოყენებისთვის დამტკიცდა. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით უკვე აიცრა 600 000-ზე მეტი ბრიტანეთის მოქალაქე.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რის გამოც მოქმედი რეგულაციების გამკაცრებაა აუცილებელი.
მეთ ჰენკოკის თქმით, მკაცრი ზომების ქვეყნის იმ ნაწილში უნდა ამოქმედდეს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“ სწრაფად ვრცელდება.
3 იანვარს დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირუსს 75 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.


