"აშშ–ში, როდესაც გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი აქვთ, იმასაც კორონავირუსს აწერენ"
04/01/2021 09:44:17 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზვიადებულია.
"სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს კორონავირუსით გარდაცვლილთა აღრიცხვის სასაცილო მეთოდი აქვს. როდესაც გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი აქვთ, იმასაც Covid-19–ს აწერენ", – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის განცხადებას შეერთებული შტატების მთავარი ქირურგი ჯერომ ადამსი და ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ "არ არსებობს საფუძველი ეჭვი შეიტანონ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ Covid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელში".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირების 20 636 663 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 351 580 ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო.


