იმნაძე - კოვიდ 19-ის ახალ შტამზე: "ორი არ დადასტურდა, ერთს ვიკვლევთ"
03/01/2021 16:05:08 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ხოლო ერთს ამ დრომდე იკვლევენ.
როგორც პირველ არხთან საუბრისას იმნაძე აცხადებს, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, მაგრამ სიმძიმით არსებული შტამისგან არ განსხვავდება.
"ახალი შტამი... სამი იყო საეჭვო. აქედან ორი უარყოფითია, არ დადასტურდა. ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისათვის უკვე იქნება ცნობილი. ახალი შტამი ყველგან არის, სხვადასხვა სახელები ქვია. საბედნიეროდ, ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია. ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, უფრო გადამდებია, მაგრამ სიმძიმით არ განსხვავდება უკვე არსებული შტამებისგან", - აცხადებს იმნაძე.
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს. ამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა. აიკრძალა ფრენები ევროპის მიმართულებით.


