"დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ დღიური მაჩვენებელი მაინც 2 000-ზე შენარჩუნდება, რაც საყურადღებოა"
02/01/2021 17:22:43 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევის გამოვლენა განპირობებულია იმით, რომ საახალწლო დღეებში ნაკლები ტესტირება ჩატარდა.
„აღსანიშნავია, რომ დადებითობის მაჩვენებელი მაინც რჩება – დაახლოებით 11%. აღნიშნული მიუთითებს, რომ 20 000 ტესტი რომ ჩავატაროთ ყოველდღიურად, დღიური მაჩვენებელი მაინც დაახლოებით 2 000-ზე შენარჩუნდება, რაც კვლავ მაღალი და საყურადღებო მაჩვენებელია. სამიზნე ჩვენთვის არის, სულ მცირე 5%-მდე შემცირება, რათა შეიქმნას შესაფერისი პირობები ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის. ამდენად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გაიხსნება ტესტირების პროგრამების შესაძლებლობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, საახალწლო დღეებში მობილობის გაზრდის გამო კორონავირუსის შეთხვევების მატება მოსალოდნელია.
„გარკვეულწილად მატება 7 იანვრის შემდეგ იქნება, რადგან მობილობის მატება უკავშირდება შემთხვევების მატებას. ამასთან, ჩვენ ტესტირების გაფართოებასაც ვგეგმავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 350–მდე შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.


