"ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს"
31/12/2020 20:08:49 პოლიტიკა, საზოგადოება
"მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
„წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს – არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე. დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, – მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში – ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!.
ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.
ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


