"კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ, სულ მცირე, წელიწად–ნახევარი გაგრძელდება"
31/12/2020 16:30:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ, სულ მცირე, 1 წელი ან წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.
როგორც გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განმარტა, მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს.
"ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა", - აღნიშნა გამყრელიძე.
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ზუსტად 1 წლის წინ, ჩინეთში გამოვლინდა. სადღეისოდ ვირუსი 210 ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 83 099 806 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა1 812 635 ადამიანი იმსხვერპლა. 58 892 774 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.


