კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც გამოვლინდა
31/12/2020 10:44:43 მსოფლიო
კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც გამოვლინდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა 23 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთის ქალაქ შანხაიში 14 დეკემბერს ჩავიდა.
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მაღალი სიკვდილიანობა არ აქვს. გაერთიანებული სამეფოს გარდა კორონავირუსის ახალი სახეობა 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ახალი შტამის არსებობის საკითხს ჯერ–ჯერობით იკვლევენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 83 099 806 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა1 812 635 ადამიანი იმსხვერპლა. 58 892 774 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 505 გარდაიცვალა.


