Accentnews.ge
„მეშინია, რომ შინ დაბრუნებას ვერ მოვასწრებ“ – რას დატოვებდნენ ქართველები 2020 წელში

„მეშინია, რომ შინ დაბრუნებას ვერ მოვასწრებ“ – რას დატოვებდნენ ქართველები 2020 წელში

29/12/2020 20:10:03 საზოგადოება

საქართველოში განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან ხოლმე ახალ წელს და ამას ღარიბ ქვეყანაში სავაჭრო ცენტრებსა თუ ბაზრობებზე ხალხმრავლობაც ცხადყოფს. რიგი პოლიტიკოსები სახელისუფლებო გუნდიდან ცდილობენ, ეს ხალხმრავლობა სიღარიბის პრობლემის ეჭვქვეშ დასაყენებლად გამოიყენონ: ამასწინათ დეპუტატმა კახაძემაც იკითხა „გულაჩუყებულმა“, „ბავშვის შიმშილით გარდაცვალების ერთი შემთხვევა მაინც თუ არისო“... მაგრამ თბილ კაბინეტებს მიღმა სხვა – რეალური საქართველო თავის დამალვას არც ცდილობს.

ბუნებრივია, ახალი წელი იმედებთან, ახალ საწყისთან ასოცირდება, ამიტომ, თითოეული, მიუხედავად მნიშვნელოვნად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა, ცდილობს, ახალ წელს ღირსეულად დახვდეს უკეთესი მომავლის იმედით, განურჩევლად იმისა, უკეთესობის ინდიკატორები მოსჩანს თუ არა ჰორიზონტზე. ეს კი დღეს მეტად აქტუალური სურვილია, რადგან 2020 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ისედაც ღარიბი ქვეყნისთვის: სიდუხჭირეს თანდართული პანდემია და კიდევ უფრო გაღარიბებული ოჯახები; ნიჰილიზმი პოლიტიკური სპექტრისა და უნდობლობა ინსტიტუტებისადმი; 2 443 თანამოქალაქე, რომელიც კორონავირუსმა შეიწირა... ამ ტოტალურ უიმედობაში იმედად კალენდარული წლის დასრულება იქცევა ხოლმე.

„აქცენტმა“ რიგით მოქალაქეებს ჰკითხა, რა სურთ, დატოვონ 2020 წელში და რას ელიან 2021–ისგან? პანდემიამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება თუ ცხოვრების წესი შეცვალა, ამიტომ რთული გამოსაცნობი არაა, რომ მოქალაქეების სურვილები ძირითადად კორონავირუსს და მას თანდართულ პრობლემებს უკავშირდება. მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი 7 წლის რესპონდენტის სურვილი, რომელმაც ნაცვლად ბავშვების შეუზღუდავი ფანტაზიისთვის დამახასიათებელი სურვილისა, რაც მწირი რესურსების პირობებში აშინებთ ხოლმე მშობლებს, პანდემიის დასრულება ისურვა.

7 წლის ლუკა: „მინდა, რომ ეს კორონავირუსი გაეთრეს ბოლოს და ბოლოს, წავიდე სკოლაში, წავიდე ბაბუსთან“.

36 წლის დავითი: „ალბათ, ჩემი სურვილი სხვა მოქალაქეების სურვილებისგან გამორჩეული არ იქნება: მინდა, რომ 2021 წელს კორონავირუსის გარეშე ვიცხოვროთ და ალბათ, მსოფლიოს საახალწლო საჩუქარი სწორედ, რომ ვაქცინაა, მთავარია, ჩვენამდე მოაღწიოს“.

მზია 68 წლის: „20 წელია ემიგრაციაში ვარ. წელს მინდოდა, ასე ვთქვათ, პენსიაზე გასვლა და შინ დაბრუნება, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა – ჩემმა შვილებმა სამსახური დაკარგეს, არადა ახლახანს აწყობდნენ ბიზნესს, მეც მშვიდად ვიყავი, მაგრამ... გამიმართლა, რომ სამსახური შევინარჩუნე – მომვლელად ვმუშაობ და ვეხმარები შვილებს, რომ თავი როგორმე გაიტანონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ქვეყანა ისევ გაიხსნება და შინ დაბრუნების საშუალება მომეცემა. ჯამრთელობა შემერყა, მუშაობაც ისე აღარ შემიძლია, როგორც ესაა საჭირო და მეშინია, რომ სახლში დაბრუნებას ვერ მოვასწრებ“.

ლიკა 34 წლის: „პირადად ჩემს შემთხვევაში კორონავირუსმა არა თუ ცხოვრების წესი, ცხოვრება შეცვალა: ვირუსი ოჯახის ყველა წევრმა მეტ–ნაკლები გართულებებით გადავიტანეთ, მაგრამ დედამ – ვერა. ამიტომ, პირდაპირი მნიშვნელობით მაცოფებს, როდესაც ამ საშინელ ვირუსზე ადამიანები აგდებულად საუბრობენ – არ გვეშინიაო და არავის უფრთხილდებიან – პირბადის ტარებისთვის „მათრახი“ არ უნდა იყოს საჭირო. შესაბამისად, მეტ საღ აზრს ვისურვებდი“.

თამარი 29 წლის: „როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა, სასოწარკვეთილი ვიყავი – დავკარგე სამსახური, შვილი მყავს და რომ არა საზღვარგარეთ დასაქმებული ოჯახის წევრი, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით. მინდა, რომ სასოწარკვეთის, უსუსურობის საშინელი შეგრძნება ამ წელს დავტოვო. მომავალი წელს მეტი იმედით ველი, რომ ქვეყანა გაიხსნება და ადამიანები მინიმალური შემოსავლის მოპოვებას შეძლებენ“.

ზურაბი 40 წლის: „2020 წელი ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე სამსახური არ დამიკარგავს, ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. წარმოდგენაც არ მინდა, მათ ადგილზე რას გავაკეთებდი, შვილი რომ გეუბნება „მშიაო“ და შენ არაფერი გაქვს, არც ელი – სასოწარკვეთილ თვალებზე საშინელი სანახავი არაფერია. ამას წინათ აქციაზე ქალი ამბობდა, „ვიქურდო თუ თავი დავიწვაო?“ – შემზარა. მინდა, რომ ეს ხმა იმ ადამიანებს მართლა ესმოდეთ, ვინც გადაწყვეტილებებს ამ ხალხის მაგივრად იღებს“

თემო 26 წლის: „ვისურვებდი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარი თავის ფასი გაიგონ და აღარ მისცენ ე.წ. „ელიტურ“ ჯგუფებს – ვიგინდარებს დაცინვის უფლება. მგონია, რომ ეს ასრულებადი სურვილია – ამ გზაზე ვდგავართ და განსაკუთრებით ახალგაზრდების იმედი მაქვს – ისინი მონობას არას ეტყვიან, იბრძოლებენ, გააპროტესტებენ და გაქსუებულ ჩინოვნიკებს აიძულებენ დაანახონ, ჩვენი ცხოვრებით თამაში არ გაუვათ!“.

გიორგი 38 წლის: „მომბეზრდა, გამუდმებით რომ გვიჩიჩინებენ, „პატარა ქვეყანა ვართ,“ „გატრუნულები უნდა ვიყოთ“ – გამუდმებით ვიღაც ან რაღაც ღვთაებრივის მოლოდინში ვართ. ამ უსუსურობის განცდამ დამღალა. ვფიქრობ, ამ განცდის დანერგვა სახელისუფლებო ძალას აწყობს, რადგან ჩვენ მეტზე პრეტენზია არ გვქონდეს, შევეგუოთ და მივიღოთ მოწყალება. იცით, რა ჩინოვნიკები ჩვენს ჯიბეში რომ არ აფათურებდნენ ხელს, ხალხის ფულს ხალხის საჭიროების მოთხოვნის მიხედვით რომ ანაწილებდნენ, იდიოტებს არ ნიშნავდნენ თანამდებობაზე, რომლებიც შემდეგ უტიფრად გვიკითხავენ მორალს და თვალებში ნაცარს გვაყრიან, ამას ღვთის სასწაული არ სჭირდება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები ამას გააცნობიერებენ, არჩევნებზე არ გაყიდიან ხმას, ან შინ დარჩენის ნაცვლად არჩევნებზე წავლენ. „მაინც არაფერი შეიცვლებაო“ – სწორედ ეს გაწყობა გვტოვებს ჭაობში. არაფრის კეთებას რამის კეთება სჯობს!“.

გოგა 23 წლის: „მე ჩვენი ყოფიდან გამოსავალს პოლიტიკურ ცვლილებებში ვხედავ და იმედი მაქვს, რომ მომავალი წელს ეს შესაძლებელი იქნება. საავადმყოფოსთან რიგები იყო, ჯანდაცვის მინისტრი კი გამობრძანდა და ამბობს, „პრობლემები არ გვაქვსო“, განათლების მინისტრს ვუსმენდი, „ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი რეგიონები და ბავშვებს დისტანციური სწავლების პრობლემა არ აქვთო“, არადა ხალხი ფულს აგროვებს, ბავშვებს რომ დაეხმარონ. დაგვცინიან! ეს იცით რატომ? ჩვენი არ ეშინიათ, ჩვენ არ ვდგავართ საკუთარ სიმაღლეზე, თორემ ასე თავხედურად მოტყუებას ვერ გაგვიბედავდნენ!“.

ნინი 42 წლის: „გულწრფელად გეუბნებით, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში გავლა ჩემთვის მორალური წნეხია: ძალიან, ძალიან მინდა ამდენ ხელგაწვდილ მოხუცს და ბავშვს არ ვხედავდე – ესაა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი? არ ვიცი, ეს სავარძლები ადამიანებს რას უშვრება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ჰუმანურები იყვნენ და როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ, როდესაც ვიღაცას სახლს უნგრევენ და ა.შ. ეს ხალხი გაითვალისწინონ. მეტი ემპათიაა საჭირო და არა მომატებული თუ დაკლებული სტატისტიკა, რომლის უკანაც ადამიანებს არ უყურებენ“.

სესილი 31 წლის: „ვფიქრობ, რომ 2020 წლის მძიმე შედეგები ჯერ კიდევ წინ გვაქვს: ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და უკან რამდენი დაიბრუნებს, რამდენს აქვს მოლოდინის ფუფუნება? ბავშვები ინტერნეტში „ჩაიკარგნენ“ და ამასაც აქვს თავისი შედეგები; პროდუქტი გაძვირდა, უკვე ელექტროენერგიაც გაგვიძვირდა და სამწუხაროდ, ძალიან პესიმისტური მოლოდინი მაქვს. ქვეყნიდან წასვლა საშინლად არ მინდოდა, სულ ფეხს ვითრევდი, მაგრამ უკვე გამოსავალს ვეღარ ვხედავ – იმედები გადამეწურა და ვერც იმას ვხედავ, რომ ადამიანებზე ფიქრობდნენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ქართველ ემიგრანტებს მეც შევუერთდები“.

იხილეთ ასევე: რა უჯდება საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S