"2021-ში მოქალაქეებს 300კვტ-მდე გახარჯვისას სხვაობას დავუფინანსებთ"
29/12/2020 07:40:16 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა გეგმავს, რომ დენის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდიროს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300კვტ-მდე მოიხმარენ. ამ განცხადებით იგი 29 დეკემბრის ბრიფინგზე სემეკის მიმდინარე სხდომას გამოეხმაურა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირებაზე მსჯელობენ.
"საქართველოში სულ 1 700 000 აბონენტია და აქედან, 1 600 000 მოიხმარს 300კვტ-ზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების სრულად იქნება ნაზარდი ფასის სუბსიდირებული. მთავრობა წლამომარაგების ტარიფსაც სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის.
მთავრობამ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც პირველად დასაქმებაშია საკვები პროდუქტების წარმოების, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილს შორის 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების ფასში არ აისახება", - აცხადებს გიორგი გახარია.
29 დეკემბერს მსჯელობს მარეგულირებელი უწყება, გაძვირდება თუ არა დენისა და წყლის გადასახადი.
გუშინ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განაცხადეს, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა "სამწუხაროდ აუცილებელია".
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი, დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს "დრამატულად გაზრდილ ხარჯებს", ელექტროენერგიის შესყიდვის, თუ სხვა მიმართულებებით.


