აქვს თუ არა საფუძველი ცნობებს სრული ჩაკეტვის თაობაზე
28/12/2020 10:12:09 საზოგადოება
ჭორებია,– ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შესაძლო სრული „ლოქდაუნის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„არ ყოფილა ლაპარაკი, მსჯელობა. არსებობს ორთვიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით კეთდება ყველაფერი. ამიტომ, ჩვეულებრივი ჭორია“,– განაცხადა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ყველა გეგმის დაკორექტირება შეიძლება საჭიროების მიხედვით, მაგრამ ამ დროისთვის უკვე დაწესებულმა შეზღუდვებმა თავისი შედეგები აჩვენა:
„5 000 შემთხვევიდან 2 000–ზე ნაკლებ შემთხვევაზე ჩამოვედით. გახსნის შემდეგ დაცულია წესები. თუ წესებით დაცვით მუშაობს ყველა – ატარებს პირბადეს, იცავს დიასტანციას, გართულებები არ იქნება. მე გაცილებით მეშინია ახალი წლის ღამის – ერთმანეთთან სტუმრობა შესაძლოა, გაცილებით მეტი რისკის შემცველი იყოს, ვიდრე ის, რაც სავაჭრო ცენტრებში ხდება“.
მისი თქმით, ბოლო კვირის მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია, კლებისკენ მიდის, მაგრამ დღევანდელი მოვლენების შედეგები ორ კვირაში გამოჩნდება.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურავას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა მოხდება 3 იანვრიდან.
„შემიძლია გითხრათ, რომ სალონების დაკეტვა არ იგეგმება, მაგრამ ვხედავთ, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე პოზიტიური შედეგები გამოიღო. მართალია, გარდაცვალების შემთხვევები ჯერ კიდევ მაღალია, რადგან დამძიმებული პაციენტი გვყავს ბევრი, მაგრამ ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს და ეს სწორედ შეზღუდვებს უკავშირდება. სავაჭრო ობიექტებმა გამოიჩინეს მაღალი დისციპლინა, დაცულია წესები, რიგები კონტროლდება, პირბადეს ატარებენ ადამიანები და ა.შ. ამ ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვიმსჯელებთ და ჩამოვაყალიბებთ, რა იქნება 3 იანვრის შემდეგ. ამ ეტაპზე სალონების დაკეტვაზე მსჯელობა არ მიდის“, - განაცხადა თურნავამ.


