ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
27/12/2020 13:15:49 მსოფლიო
ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია უკვე დაიწყო გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში.
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხანდაზმულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება, შემდეგ კი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება.
„ჩვენ ამ რთული წლის დასასრულს მნიშვნელოვანი მოვლენით ვასრულებთ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის თითოეულ ქვეყანაში იწყება. ვაქცინაცია ვირუსის დაძლევის ერთადერთი გზაა“, -განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის გაერთიანებაში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 მილიონს შეადგენს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 80 798 788 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 766 601 ადამიანი იმსხვერპლა. 57 016 254 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 377 გარდაიცვალა.


