ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს
26/12/2020 14:36:39 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე, კლინიკური სასტუმროების როლსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში. საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით.
მთვრობის ცნობით, საუბრისას კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 გარდაიცვალა.


