"ჩვენი ანგარიშით, საქართველოს მოსახლეობის 15%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს"
25/12/2020 20:49:13 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის 15%-ს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
"ჩვენი ანგარიშით, სადღეისოდ მოსახლეობის დაახლოებით, 15%-ს გადატანილი აქვს ინფექცია და გარკვეული იმუნიტეტი მათ აქვთ. თუმცა ჯერ არავინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ეს იმუნიტეტი. როგორც ამბობენ, ბოლო მონაცემებით, 8 თვე მაინც გრძელდება, ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ეს ხალხი მაინც აიცრას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით, მაგრამ არა პირველ რიგში. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, დაახლოებით 60% მაინც უნდა იყოს იმუნური ფენა, ანუ გადატანილი და აცრილი ერთად", – განაცხადა გამყრელიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 196 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 313 გარდაიცვალა.


