რეანიმაციის ექთანი, რომელიც კოვიდ–ინფიცირების გამო ჰოსპიტალში 8 თვე მკურნალობდა: "არასოდეს დაკარგოთ იმედი"
25/12/2020 20:25:02 მსოფლიო
აშშ–ში, კალიფორნიის შტატში მდებარე "წმინდა მარიამის სახელობის სამედიცინო ცენტრის" მედიკოსმა, რომელიც კოვიდ–ინფიცირების გამო კლინიკაში 8 თვის განმავლობაში მკურნალობდა, საავადმყოფო დატოვა.
იგი მედპერსონალმა საავადმყოფოდან ტაშითა და ოვაციებით გააცილა.
როგორც ამერიკული მედია წერს, მერლინის ქალიშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 8 თვის განმავლობაში კლინიკაში დედასთან ერთად იყო და მას ამხნევებდა.
66 წლის მერლინ პანბუამი "წმინდა მარიამის სახელობის სამედიცინო ცენტრში 40 წლის განმავლობაში რეანიმაციის ექთანად მუშაობდა. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ იგი კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა. 8 თვის წინ კორონავირუსი თავადაც დაუდასტურდა. როგორც მისი კოლეგები აცხადებენ, დაავადება ძალიან გაუმწვავდა, რის გამოც მერლინი 4 თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. დანარჩენი პერიოდი კი რეაბილიტაციას დასჭირდა, რადგან მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო.
"არასოდეს დაკარგოთ იმედი. არასოდეს დანებდეთ. იბრძოლეთ ბოლომდე. შემომხედეთ მე. მე დღეს სახლში წასვლა საკუთარი ფეხით შევძელი", – ამ სიტყვებით მიმართა მერლინმა კოვიდ–ინფიცირებულ პირებს.


