იმნაძე: „ნუ მივალთ ბებია-ბაბუებთან“
25/12/2020 09:21:04 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას ახალი წლის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი, ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ბებია-ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე იქიდან გამომდინარე, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ვაქცინაციის დაწყებისა, პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ აუცილებელია, ვინაიდან ამ ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 0,04%–ია აცრილი:
„იმედი მაქვს, ეს იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყება, დღეისათვის აცრილია მსოფლიოს პოპულაციის 0.04 პროცენტი. ეს არაფერია. მაშინ, როცა უნდა აიცრას მსოფლიო პოპულაციის 60-70 პროცენტი, რათა პანდემია გადაიქცეს ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად“.


