საქართველოში ქრისტიანების ნაწილმა შობა შეზღუდვების პირობებში აღნიშნა
25/12/2020 05:59:06 საზოგადოება
საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა.
კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის, მიიჩნია რა პირადი თავისუფლების შეზღუდვად.
შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, დღესასწაული "ფეისბუკით" მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებული "კომენდანტის საათი" არ იმოქმედებს 7 იანვრის ღამეს, როცა შობის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. სამოქალაქო საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდეს.
გადაწყვეტილების საფუძვლად განიმარტა, რომ ქვეუნის მოსახლეობის დიდი მაწილი შობას სწორედ 7 იანვარს აღნიშნავს.
„სახელმწიფოს მიდგომა იყო ძალიან უხერხული და იმედის გამაცრუებელი, რომ შენი სახელმწიფო მეორეხარისხოვან მოქალაქედ აღგიქვამს“,– განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.


