
„სწავლება, რომ „ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია“, ღვთის გმობაა!“
24/12/2020 14:33:07 ანალიზი
შსს–ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობასი ოჯახში ძალადობისთვის 14 138 შემაკავებელი ორდერი გაიცა; უზენაესი სასამართლოს ცხრა თვის სტატისტიკის თანახმად კი ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოტანილია 1410 განაჩენი, მათგან 1380 შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალია; სახალხო დამცველის ცნობით, ამავე პერიოდში 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა), სცადეს 23 ქალის მკვლელობა (14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი), – და არა მხოლოდ სტატისტიკა, ძალადობაგამოვლილი, მკვლელობას გადარჩენილი ან იმ ქალების ისტორიებია, რომლებმაც მოძალადეს თავი ვერ დააღწიეს – ვერ გადარჩნენ. ამას ემატება მოძალადის, საზოგადოების თუ სხვა ფაქტორების შიშით ჯერ კიდევ მდუმარე ქალთა უცნობი რაოდენობა.
ვიდრე მკვლევარები სახელმწიფოს მიერ ეფექტური მექანიმების შექმნის და უკვე შექმნილი სერვისების შესახებ ინფორმირების, საზოგადოებაში მსხვერპლის მიმართ მეტი ემპათიის გაღვიძების და ქალთა დისკრიმინაციის პრობლემატიკის, თანასწორუფლებიანობის ბავშვთა აღზრდის პროცესში გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ, ირკვევა, რომ საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული და ქალთა მიმართ სტიგმებს აძლიერებს.
როგორც გამოცემამ „ბათუმელები“ წერს, ლექციების კურსს – „სამშობლოს მცოდნეობა“ სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. რაც შეეხება ქალის როლის დაკნინებას, 2020 წლის 12 მაისს ჩატარებულ ლექციაში ლექსო გელაშვილი მოზარდებს ეუბნება:
„ერთი წმინდა მამა ბოროტების კრებას დაესწრო – ეშმაკმა გამართა კრება, სადაც დემონები ესწრებოდნენ. დემონები თავს იწონებდნენ ეშმაკთან, რომ თავი მოვაჭერი ქრისტიანებს, სოფელი გადავწვი და ასე შემდეგ, თუმცა ეშმაკმა მათ ეს საქმეები წარმატებაში არ ჩაუთვალა. არ იცით მუშაობა… ახლა მოინიშნეთ…
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ქალების როლი უნდა წამოსწიოთ წუთისოფელშიო. ქალი დირექტორი, ქალი პრეზიდენტი, ქალი პარლამენტის თანამშრომელი, ქალი პედაგოგი და ყველაფერში ქალი უნდა იყოსო და უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დატვირთვა ქალის“.
ლექციის შემდეგი შინაარსი გრძელდება კითხვით, თუ „რას მისცემს ქალის როლის წამოწევა დემონთა სამყაროს“, რაზეც გელაშვილი პასუხობს, რომ დაღლილი ქალი, სათანადო სიყვარულს ვერ მისცემს ქმარს და ამის შემდეგ ქმარი სხვაგან მოძებნის სიყვარულს. ეს კი გამოიწვევს ოჯახის დანგრევას. „ოჯახი რომ დაინგრევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდებაო“, – ამბობს გელაშვილი.
თავად გელაშვილი განმარტავს, რომ კურსი მართლმადიდებლობის სწავლებაა, ოღონდ იმ წიგნის მიხედვით, რომლის ავტორიც თავადაა.
„აქცენტმა“ საპატრიარქოსთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია კი გვეუბნება, თავად აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არაა, მაგრამ მსგავს მიდგომას არა თუ კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან, მეტიც – „ღვთის გმობაა!“:
„არ ვიცი, ეს რაიმე სახის კავშირია, საზოგადოებრივი ერთობა... თუ ისინი მართლაც თვლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია, მაშინ ისინი გმობენ ღვთისმშობელს, წმინდა ნინოს, თამარ დედოფალს და ყველა იმ ქალს, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების, გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში“.
სასულიერი პირი შიშობს, რომ მსგავსი აქტივობა დიდ საფრთხეს უქმნის მოზარდების ფსიქიკას: „ჩანასახშივე, ახსნის პროცესშივე უშვებენ ისეთ გამოუსწორებელ შეცდომას, რითაც მოზარდს ფსიქიკა შესაძლოა, ისე დაზიანდეს, რომ მან ქალში პირდაპირი მნიშვნელობით, ეშმაკისეული დაინახოს და ძალადობასაც კი მიმართოს“.
სასულიერო პირი ფიქრობს, რომ მსგავსი სწავლების მიმართ საზოგადოებამ ცალსაზა პოზიცია უნდა დააფიქსიროს:
„თუ ეს მართლაც ასეა [სწავლების პროცესი – რედ.], საგანგაშო მდგომარეობაა და ყველა ჩვენგანმა პოზიცია უნდა დაფიქსიროს, უნდა დავგმოთ, რომ აილაგმოს მოზარდ თაობაში მსგავსი ტიპის სწავლება, რომ საბოლოოდ არ ჩამოიქცეს ეს ჩვენი ე.წ. ფასადური სულიერი მდგომარეობა. აბსოლუტურად სხვა რამეს ქადაგებს სახარება, სხვა რამეს ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება. მართლმადიდებლობა იმიტომ არის უნივერსალური მოძღვრება, რომ მის წინაშე ორივე – ქალიც და კაციც თანასწორუფლებიანია.
ვიმეორებ, მსგავსი ქმედება მკაფიოდ დასაგმობია, რადგან ადამიანი, მით უმეტეს პედაგოგი, მოზარდის სულს ისე ამახიჯებს, რომ მას ძალიან არასწორი წარმოდგენა ექმნება რელიგიაზე, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე: ამით მოზარდებს ვუნერგავთ აგრესიას, ქალთა მიმართ სიძულვილს და ეს ყველაფერი კი ისეთი სახელით ხდება, რომლის უკან მდგომთ პრეტენზია გააჩნიათ, რომ იყვნენ მართლმადიდებლები, მაზიარებლები და ქრისტეს მიმდევრები. პირდაპირ ვიტყვი – ეს არის ეს არის აგრესიისა და ძალადობის წაქეზება, რომელიც ბუნებრივია, ერთ დღეს ისეთ შედეგს მოგვცემს, რომ რაც დღეს ხდება, მონაგონი იქნება“.
სასულიერო პირი პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ საღვთო რჯულზე ლექციების ჩატარების უფლების კუთხით რეგულაციები არ არსებობს, შესაბამისად, სურვილიც საკმარისია:
„სამაგისტრო ნაშრომი თეოლოგიაში მაქვს დაცული, წლებია, სასულიერო პირი ვარ, სასულიერო სემინარიაშიც ვსწავლობდი, ყოველდღიურად ვკითხულობ, მაგრამ თავს უფლებას არ მივცემ, თავს თეოლოგი ვუწოდო და პლუს, სუბიექტური აზრები მოვახვიო მოზარდებს თავს. სწავლება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ქრისტიანული მოძღვრება არის სახარებისეული სწავლება და გამოცდილება, რომლის შეცვლის უფლება უდიდესი დანაშაულია. ადამიანი, რომელიც ქალს ეშმაკისეულს უწოდებს, ამით არღვევს ყველა იმ ტრადიციას და ღირებულებას, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას ქალის მიმართ გააჩნია. რაც არ უნდა აღმსარებელი და მაზიარებელი იყოს ასეთი ადამიანი, ის პირდაპირ არის ღვთის მგმობელი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ვინც ღმერთს ხშირად ახსენებს, ვისაც მოშვებული წვერები აქვს, პირჯვარს ხშირად იწერს და მაჯაზე თუ სკვნილი აქვს დახვეული ჰგონიათ, რომ ღრმად მორწმუნეა, მაგრამ რეალურად ეს ფარისევლობაა“.
ლექციების კურსთან დაკავშირებით გაირკვა, რომ სტუდია „გუთნის“ წარმომადგენელი საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, განათლების სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ის პროექტის განხორციელებაში არ მონაწილეობდა, რომ სკოლა დამოუკიდებელია და მას უფლება აქვს მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, შესთავაზოს ბავშვებს სერვისი. არც თავად სკოლაში გამოუჩენიათ თემაზე საუბრის სურვილი, ამრიგად, პასუხსიმგებლობის აღება არც არავის სურს.