„არაა საქმე ისე, როგორც ჰგონიათ: ხალხი შიმშილით იხოცება!“ – აქცია ქუთაისში
24/12/2020 10:59:34 საზოგადოება
ქუთაისში კი ე.წ კეჩის ბაზრობის თანამშრომლებმა აქცია გამართეს - ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში პერმანენტული აქციებით და შიმშილობით იმუქრებიან.
ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ბაზრობაზე დისტანციისა და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ მხოლოდ მოლები გახსნა, ბაზრობაზე დასაქმებული ასობით ადამიანი კი საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დატობა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სეზონური სამოსი ჰქონდათ შემოტანილი, რაც წელიწადის ამ დროს უნდა გაყიდულიყო, თუმცა რეგულაციების გამო დასაწყობებული აქვთ.
"ბაზრის გახსნას ვითხოვთ! ერთი თვეა, სახლში ვართ, სეზონური საქონელი გვაქვს. დაქცეულები ვართ ასეც და ისეც. გინდ კორონას მოვუკლივართ და გინდა შიმშილს! ყველანაირ რეკომენდაციებს დავიცავთ. ამ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ჩვენს უკან ოჯახები დგას! ხალხს უჭირს, შიმშილით იხოცებიან და არაა საქმე ისე, როგორც მთავრობაში ჰგონიათ. ხალხს ბევრი აქვს სათქმელი!", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასაც ადანაშაულებენ უყურადღებობაში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით მხოლოდ სავაჭრო ცენტრებს აქვთ მუშაობის განახლების უფლება. ახალი რეგულაციის მიხედვით, მკაცრად აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს. სავაჭდო ცენტრებთან დილიდან რიგებია.


