Accentnews.ge
კათოლიკე ეკლესია საშვებზე უარს ამბობს და საშობაო წირვას 21:00 საათამდე დაასრულებს

კათოლიკე ეკლესია საშვებზე უარს ამბობს და საშობაო წირვას 21:00 საათამდე დაასრულებს

24/12/2020 07:09:36 საზოგადოება

კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე, რომ შობის ღამეს მრევლი საშვებით გადაადგილდეს და საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება. ინფორმაციას "კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოში" ავრცელებს.

როგორც "კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოსთან" საუბარში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, სახელმწიფოსთვის პირადი მონაცემების მიწოდება პირადი თავისუფლების შეზღუდვაა.

ეპისკოპოსი ეჭვობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის ირიბი იძულება, რათა საეკლესიო მსახურება ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში განხორციელდეს.

"საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება", - აცხადებს ეპისკოპოსი.

საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "მართალია, კათოლიკური შობის ღამეს "კომენდანტის საათი" არ მოიხსნება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეეძლება, რელიგიურ მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა".

ცქიტიშვილმა კონფესიებს მოუწოდა, რომ ერთჯერადი საშვების მისაღებად, შესაბამის სამსახურებს მრევლის სია გადასცენ ან დარეკონ 144-ზე.

მისი თქმით, შეზღუდვების მოქმედების პირველი ტალღის დროს, აღდგომის დღესასწაულზე, ადამიანებს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონიათ.

"ჩვენ საქართველოში ყველანი აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ჩვენ, სამწუხაროდ, კათოლიკურ შობაზე დასვენების დღე არ გვაქვს. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღე. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე მართლმადიდებლური კალენდრით აღსანიშნავი შობის - 6 იანვრის ღამე.

ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები არადისკრიმინაციული მიდგომით შეემუშავებინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S