TDI: "საგანგაშოდ მიგვაჩნია ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენის თავისუფლების მიმართ"
24/12/2020 07:22:07 საზოგადოება
"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ და აცხადებს, რომ "ხელისუფლება ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის".
"გაჟღერებული მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები. ამ გზით, სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისა და წევრების შესახებ ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული ადამიანებისა და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით. მიგვაჩნია, რომ ხელუსფლების რელიგიურმა პოლიტიკამ უკვე საგანგაშო ფორმა შეიძინა და ის შესაძლოა რელიგიური ჯგუფების მიმართ უფრო მეტად ხისტი და რეპრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს", - აცხადებს ორგანიზაცია და მოუწოდებს ხელისუფლებას, "შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა".
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "მართალია, კათოლიკური შობის ღამეს "კომენდანტის საათი" არ მოიხსნება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეეძლება, რელიგიურ მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა".
ცქიტიშვილმა კონფესიებს მოუწოდა, რომ ერთჯერადი საშვების მისაღებად, შესაბამის სამსახურებს მრევლის სია გადასცენ ან დარეკონ 144-ზე.
მისი თქმით, შეზღუდვების მოქმედების პირველი ტალღის დროს, აღდგომის დღესასწაულზე, ადამიანებს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონიათ.
"ჩვენ საქართველოში ყველანი აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ჩვენ, სამწუხაროდ, კათოლიკურ შობაზე დასვენების დღე არ გვაქვს. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღე. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე მართლმადიდებლური კალენდრით აღსანიშნავი შობის - 6 იანვრის ღამე.
ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები არადისკრიმინაციული მიდგომით შეემუშავებინა.


