
ყარაბაღის მეორე ომი და საინფორმაციო ომის კომპონენტი ქართულ-სომხურ ურთიერთობებში
24/12/2020 06:49:26 კავკასია, ანალიზი
შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ იმ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა სახელმწიფოებიც გვერდიგვერდ თანაცხოვრებისა თუ თანაარსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც ითვლიან, ერთმანეთს მხოლოდ სტერეოტიპებითა და სხვა ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით იცნობენ. ეს მოცემულობა მათში ერთმანეთის მიმართ ხშირად ირაციონალურ, ხანდახან რაციონალურ შიშებსაც კი იწვევს. შიშის ეს ფორმები ერთმანეთს არ გამორიცხავენ; რადგან ბუნებრივად გეშინია იმისი, რაც სულ შენს გვერდით არის, მაგრამ არ იცი ვინ არის, რა არის, რა უნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარი შესავალი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში საინფორმაციო ომის შესახებ მომზადებული სტატიისთვის უნდა გამოვიყენო.
თუმცა, „საინფორმაციო ველი“, რომელიც უკვე დიდი ხანია საბრძოლო ველია კლასიკურ საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ბრძოლის ველებთან ერთად, სწორედ ასეთი ირაციონალური შიშებით, სტერეოტიპებით, ერთმანეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებებითა თუ განწყობებით არის გაჯერებული. ზოგადად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მონდომების შემთხვევაში, საქართველო-თურქეთის შემდეგ, „საინფორმაციო ომის“ გაჩაღება ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი საქართველო-სომხეთს შორის. ჩემთვის ამ სამწუხარო რეალობას ღრმა ფსიქოლოგიური, ისტორიული და კულტურული ფესვები აქვს, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთშია აზელილი. ასევე, მგონია, რომ რაღაც „მესამე ძალამ“ ეს დიდი მეცადინეობის შედეგად მოახერხა და დღეს, ჩვენ, ერთმანეთს, შიშისა და წყენის დიდი თვალებით ვუყურებთ.
ქართველებს სამართლიანად სწყინთ, როდესაც:
· ახალქალაქსა თუ ნინოწმინდაში ქართულ ენაზე ვერავინ საუბრობს;
· სწყინთ და ეშინიათ, როდესაც ცნობილი სომეხი პოლიტიკოსები ჯავახეთის მიერთებაზე სრული სერიოზულობით საუბრობენ;
· ჯავახეთში სეპარატისტული იდეოლოგიის გამავრცელებელი ორგანიზაციის ლიდერებს ერევანი გულში იკრავს;
· აფხაზეთში „ბაგრამიანის ბატალიონის“ მიერ ჩადენილი სისასტიკეები, რომელიც ქართველებში სომეხი ხალხის მიერ ჩადენილ დანაშაულად გასაღდა;
· „ველიკაი არმენიას“ შესახებ დაწერილ ტექსტებს ისეთი რუკები ახლავს, სადაც საქართველოს ტერიტორიებია;
· დაშნაკების თურქებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს იხსენებენ, საქართველოსთან სადაო ტერიტორიების ერთობლივი ძალისხმევით დაბრუნების შესახებ;
· სომხეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს იხსენებენ; მიუხედავად ჩემი ღრმა რწმენისა, რომ ეს ბაზები პირველ რიგში თავად სომხებს უნდა აშინებთ, ვიდრე ქართველებს.
ასეა თუ ისე, ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მონაწილეობს ქართველთა გონებაში სომხებისა და სომხეთის შესახებ ნარატივებისა და ხატების კვლავწარმოების საქმეში, რაც თავის მტკივნეულ დაღს ასვამს ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებას. ამ ხატებითა და ნარატივებით გაჯერებულ საინფორმაციო სივრცეში იზრდებოდნენ და იზრდებიან ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი, ამჟამინდელი თუ მომავალი სახელწმიფო მოხელეები, ჟურნალისტები, პედაგოგები თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სიტუაციის ტრაგიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ამ ჯგუფების წარმატებულ წარმომადგენლებსაც კი ვერ მოვთხოვთ რომ ბოლომდე წარმატებით გაუმკლავდნენ საინფორმაციო ხმაურსა და საინფორმაციო გადატვირთვას. ეს „გამკლავება“ რთული კოგნიტური პროცესია და კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს, რაც ადამიანთა ტვინებისთვის სერიოზული „თავის ტკივილია“. კოგნიტური თავდაცვის მექანიზმს აუცილებლად გაეპარება რაღაც მახინჯი გზავნილი, ნარატივი, თუ მანიპულაციური ფოტომასალა, რომელიც ჩვენს ემოციებს შეეხება და განწყობა-დამოკიდებულებებზე იმოქმედებს. რაც გვაიძულებს რომ დავრჩეთ ერთმანეთისთვის ასე ახლობელ და იმავდროულად, სრულიად უცხოებად. და თუ ამ საქმეში პროპაგანდისტის ხელიც ჩაერევა, კიდევ უფრო ადვილი იქნება ნებისმიერი ჩვენგანის „თავდაცვის ზღუდეების“ გარღვევა.
თავის მხრივ, არსებობს ქართველთა აღქმისა და გაგების სომხური ხატები და ამ ხატების აღმწერი „სომხური ნარატივები“. ამ შემთხვევაშიც, ფესვები ისტორიაში უნდა ვეძებოთ. ამ ნარატივების ნაწილი:
· ქართველებს 1918 წელს, სომხებისადმი ღალატს აბრალებს, თურქთა შეიარაღებულ აგრესიასთან მიმართებაში;
· ამავე პერიოდში საქართველოს მაშინდელ მთავრობას სომეხი ლტოლვილებისადმი არაჰუმანურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს;
· საქართველოს მიერ სომხეთის წინააღმდეგ წარმოებულ ეკონომიკურ და საკომუნიკაციო ბლოკადაზე საუბრობს;
· არსებობს ბრალდება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ,,ძირძველი სომხური მიწების’’ ოკუპაციის შესახებაც[1].
თუ ჩვენს თანამედროვე ისტორიას მოვქექავთ, ბრალდებების ახალ ნუსხასაც აღმოვაჩენთ, მაგრამ აქ უკვე ერთ საინტერესო რეალობას დავინახავთ - ქართულ-სომხური ურთიერთობები გასცდა „თბილისი-ერევნის“ ურთიერთობებს; ქართველების აღქმისა და გაგების ხატებსა და ნარატივებს მრავალფეროვნება საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმაც შესძინეს. საქართველოს მიმართ არსებულ ე.წ. „სომხურ ბრალდებებში“ გაჩნდა ახალი, მაგალითად:
· ჯავახეთში სოხმურ ენაზე განათლების მიღების
· პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში დისკრიმინაციის
· მოქალაქეობის სამართლებრივი აკრძალვის
· კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების თაობაზე გაჩნილი პრობლემები და პრეტენზიები[2].
მოკლედ, როგორც ზემოთ, ერთხელ უკვე ვთქვი, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აქაც აზელილია და ვიღაც „მესამე“ამ მოცემულობით ძალიან ბედნიერი უნდა იყოს.
ერთმანეთისადმი ამ, უფრო მეტად ფსიქო-მენტალურ, განწყობა-დამოკიდებულებებს ბუნებრივად ემატება ორივე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ოფიციალური თბილისი ერევანს უფრო მეტად მოსკოვთან ურთიერთობების ჭრილში ხედავს და აფასებს. გასაგებია, რომ ამა თუ იმ ხელისუფლების დამოკიდებულება, გარკვეულწილად, აისახება საზოგადოების განწყობებზე ან/და შესაბამისობაშია ხოლმე ამ განწყობებთან. ანუ, თუ კიდევ უფრო გავამარტივებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში კიდევ ერთი რუსული აგრესიის შემთხვევაში ერევანში თბილისი არც მოკავშირეს და არც ნეიტრალური პოზიციის მქონე მეზობელს ხედავს. უფრო, პირიქით - პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს ჯერ-ჯერობით ჰყოფნით გონიერება და ურყევად ახორციელებენ და მტკიცედ უჭერენ მხარს თანამშრომლობისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობის პოლიტიკას.
როგორც ჩანს, ქართველებსა და სომხებს შორის კეთილგანყწობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირის დროს, კრემლშიც ფიქრობდნენ. ამ ფიქრის ნაყოფად შეგვიძლია საბჭოთა კინემატოგრაფიის შედევრად მონათლული ფილმი, „მიმინო“ გავაფორმოთ, სადაც „ცენტრმა“ ქართველებისა და სომხების ხატი “რუსულ თარგზე” მოჭრა. მაღალი ალბათობით, მათი ფიქრის მიზეზს არაფერი ჰქონდა საერთო ქართველებსა და სომხებს შორის მშვიდობისა და ნდობის შენების გულწრფელ სურვილთან. მაღალი ალბათობით, მათი საზრუნავი სამხრეთ საზღვრებთან გარანტირებული მშვიდობა, „ცენტრის“ პოზიტიური იმიჯი და იმპერიის წიაღში ცხელსისხლიანი „შავტრაკებისა“ და „ხაჩებისთვის“ ადგილის მიჩენა იყო. კინემატოგრაფია კი ამ გზაზე კრემლის პროპაგანდის წარმატებული საშუალებას წარმოადგენდა. ამ ფილმით გადმოცემული სამყაროს კონსტრუქცია მარტივი და გასაგები იყო ყველასთვის. სიმარტივე კი ხელს უწყობდა შემოთავაზებული კონსტრუქციის მიღებას. თუმცა, ქართულ-სომხური ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონეფერენციაზე სამართლიანად ერთ-ერთმა მომხსენებელმა - „„მიმინოზაციის“ კონცეფცია აღარ მუშაობს, მოძველდა“. უფრო მეტიც, ეს კონცეფცია ვეღარ უძლებს თანამედროვეობის გამოწვევებს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ახალი, პოზიტიური დღისწესრიგის შექმნის მცდელობა მაინც ამ კონცეფტის ბაზაზე სცადა სააკაშვილის ხელისუფლებამ, როდესაც 2011 წელს ავლაბრის სკვერში კინოფილმ “მიმინოს” გმირების ძეგლი გახსნა. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი ვიზიტიც სწორედ ერევანში იყო... თუმცა, ყარაბაღის მეორე ომი გვარწმუნებს, რომ რაღაც სხვა „კინო“ გვჭირდება... 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილისთვის მინიჭებული ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება[3] 2020 წლის ოქტომბერში ჩამოართვეს[4]. „ქართული ოცნების“ ნეიტრალური პოზიცია კი ერევანსა თუ საქართველოს მოქალაქე სომხების ნაწილში ღალატად შეფასდა. ამ მყიფე და უცნაური მეგობრობის ნიმუშია საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს „პერსონა ნონ გრატად“ ჰყავს გამოცხადებული.
აი, ასეთ რთულ ვითარებაში მოუსწრო ქართველებსა და სომხებს ყარაბაღის მეორე ომმა. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს ომი, რაიმე ფორმით, საქართველოს არ შეეხებოდა. ექსპერტთა ნაწილის პროგნოზები კიდევ უფრო უარესი სცენარების განვითარებასაც წინასწარმეტყველებდნენ. ამჯერად, ამ უარესს გადავრჩით, მაგრამ რა იყო ის, რასაც ვერ გადავურჩით? იქნებ ეს, - „რაც იყო“ - უფრო უარესია? სად და როგორ იპოვის თავის თავს ის, რაც ყარაბაღის ომის დროს ჩვენს შორის მოხდა? ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ უნდა გავეცნოთ თანამედროვე საინფორმაციო გარემოს, რომელიც დღეს, აი, ასე გამოიყურება - იხ. ფოტო:
ეს მონაცემები 2019 წლისაა, თუმცა მერწმუნეთ დაღმასვლა არცერთ პარამეტრში არ გვაქვს. ყველაფერთან ერთად პანდემიამ ამ რიცხვების ზრდის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. რაში გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა? იმიტომ, რომ სწორედ ამ გარემოში მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომლის მთავარი მიზანი არის ჩვენი გულისა და გონების ოკუპაცია. რიცხვებში გამოსახული ეს თანამედროვე საინფორმაციო გარემო მხოლოდ ამარტივებს ჩვენი ტვინების დაბინძურების პროცესს, რამდენადაც ეს არის კომუნიკაციური ქაოსი, სადაც ჩვენს გონებსა და გულზე დამიზნებული გზავნილები უეჭველად გაძვრებიან კოგნიტური თავდაცვის ფარში. იმ იმედით, რომ ინტერნეტში შექმნილ ამ ქაოსში რომელიმე ანტიქართულ ნარატივს მაინც გააძვრენდნენ, აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი ჩვენს წინააღმდეგ, რათა ქართველებსა და სომხებს შორის უკვე არსებული ან/და ახალი დაძაბულობის კერები გაჩენილიყო და გაძლიერებულიყო.
ყარაბაღის ომის დროს საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა, ეს არის მოხალისეების ჯგუფი, რომელსაც მეც წარმოცადგენ, მონიტორინგის პროცესში გამოკვეთა მთავარი გზავნილი, რომელიც ომის დროს საქართველოს პოზიციების დისკრედიტაციას და ხოლო ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე კი, ქართველების სომხების თვალში „გაშავებას“ ცდილობდა. ეს გზავნილი იყო:
· „ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც მტერს (მუსლიმებს) ეხმარება!“
ამ გზავნილს თან ახლდა მხარდამჭერი საკომუნიკაციო აქტივობები, რომლებსაც სამიზნე აუდიტორიის რწმენა უნდა გაემყარებინა. ეს ღონისძიებები იყო:
1. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თითქოს, ქართული მხარე, პოლიციის თანხლებით აცილებს თურქულ სამხედრო ტვირთს აზერბაიჯანისკენ. ამბავი კრემლის რუპორად წოდებული, სოლოვიოვის გადაცემაში соловьёвLive-შიც კი მოხვდა. ამბავს საფუძვლად დაედო კადრში გამოჩენილ ერთ-ერთ სატვირთოზე არსებული წარწერა „ბაირახტარ“. სინამდვილეში - სატვირთო მანქანაზე არსებულ წარწერას არაფერი აქვს საერთო სამხედრო წარმოებასთან და არსებულ კონფლიქტთან. Bayraktar -ი თურქული ლოჯისტიკური (გადამზიდავი) კომპანიაა.[5]
2. ხმაურიანი გამოდგა და ვირუსულად გავრცელდა სომხეთის მოქალაქე ჰამსიკ ეიდიანის „ტიკ-ტიკოს“ ვიდეო, სადაც ის და მისი მეგობარი რუსულ ენაზე, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველებს ლანძღავდნენ.[6] მიზეზი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გხდა, როდესაც ეთნიკურ სომხებს ჯავახეთიდან ყარაბაღში მეორადი საბურავების გადატანის უფლება არ მიეცათ. აღნიშნული ვიდეო ავტორმა მალევე წაშალა, თუმცა სოციალური ქსელის ქართულენოვან ნაწილში ეთნიკურ დონეზე, ხალხებს შორის სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივება ნაწილობრივ მაინც მოასწრო.[7]
3. კიდევ ერთი ანტიქართული დეზინფორმაცია. საქმეში ამჯერადაც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ ონლაინ-მედია - ‘’Eadaily’’ და ორგანიზაცია „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი მონაწილეობდნენ. მათ მიერ მიზანმიმართულად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარი უთხრა სომხურ მხარეს რუსეთიდან სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების ტრანზიტის გატარებაზე.[8]
რთულია იმ საკომუნიკაციო ეფექტის გადმოცემა, რომელიც ზემოაღნიშნული და მისი მსგავსი მიზანმიმართულად გავრცელებული ყალბი ამბების შემდეგ ორი ქვეყნის მოსახლეობაში, თუმცა სიტუაციის სირთულეზე ისიც მიუთითებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში 2021 წლის 2ოქტომბერს საგანგებო განცხადების გაკეთებაც კი მოუწია.[9] საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონში კი საბოლოოდ დავრწმუნდით ვითარების სიმძიმეში, როდესაც ქართულმა ორგანიზაციამ თავიანთი სომეხი პარტნიორი ორგანიზაციისთვის მითების გაბათილება გვთხოვა. ისინი ცდილობდნენ განაწყენებული ერევნელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი არ არის ერთადერთი დაინტერესებული მხარე ქართულ-სომხური ურთიერთობების გაუარესებაში. ჩვენ წლებია, ვაკვირდებით სხვადასხვა ონლაინ მედიაგამოცემებს, რომლებიც აქტიურად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის „დაფარვას“. მაგალითად, „კავკაზპლუს“-ი, რომელიც აქტიურად ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობების გაღვივებას. ზოგადად, აზერბაიჯანთან ასოცირებული ტვიტერის ანგარიშები მუდმივად აქტიურობენ და საქართველოში ანტისომხური კამპანიებით არიან დაკავებულნი. მათ ძალისხმევა ყარაბაღის ომის დროს აშკარად გააორმაგეს, სხვადასხვა მიმართულებებზე - ჯავახეთი და აფხაზეთის ომში, ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილი სისასტიკეების მთლიანად ერევანზე და სომეხ ერზე განზოგადებით.
ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციული ნაკადები, სამწუხაროდ, უკვალოდ არ ჩაივლის. ნარატივი „მოღალატე ქართველების“ შესახებ 100 წლის შემდეგ კიდვე ერთხელ გაცოცხლდა და სომხეთის უამრავი მოქალაქის გონება მოწამლა. საქართველოსთვის ეს გარემოება უმნიშვნელო ამბავი ვერ იქნება.
ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებაში შეტანილი თურქული წვლილი, „თავის ადგილს“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლების გულსა და გონებაში აუცილებლად იპოვის. სადაც ამ დაშვებას ვაკეთებთ, მაშინ, ბუნებრივად უნდა ვივარაუდოთ, რომ მარცხის პირობებში, ზემოთ დასახელებული „ყალბი ამბების“ გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური განწყობა-დამოკიდებულებებიც ადვილად იპოვიან თავს საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობის გულსა და გონებაში, სადაც საქართველო აუცილებლად ჩაიბეჭდება „მოღალატედ“. არ ვიცი, როგორ უყურებს ამ ამბავს ოფიციალური ერევანი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესი იქნებოდა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი გამოყენება - საინფორმაციო სივრცის გაჯანსაღებისა და „ფეიქ-ნიუსების“ „წყალობით“ გაჩენილი ამ ანტიქართული ნარატივების განეიტრალებისთვის.
ვფიქრობ, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის წახალისება უნდა იყოს ერევნის პრაგმატული პოლიტიკაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, ორივე მხარე, ჩვენი სტერეოტიპებისა და ირაციონალური შიშების მძევლებად დავრჩებით, რაც თავის ნეგატიურ დაღს დაასვამს ორი ქვეყნის სახელმწიფო და ხალხთაშორის ურთიერთობებს. საყურადღებოა, რომ კავკასია იმ ხალხების საცხოვრისია, რომლებსაც წმინდად ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე, რეგიონში, სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრების გამოწვევაც შეუძლიათ. მაგრამ, ისევ ჩვენი, ამ რეგიონში მცხოვრები ხალხების თავისუბურებებიდან გამომდინარე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვები - „სერიოზული“ და „ძვრები“ - მხოლოდ პოზიტიური კონოტაციის მქონე სიტყვებად განვიხილოთ.
მოგვიწევს ვკონცეტრირდეთ პოზიტივზე. სტრატეგიული კომუნიკაციების თვალსაზრისით ეს არ იქნება ადვილი. ადამიანური ბუნების ევოლუციური საფუძვლები გვკარნახობს, რომ გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი გვაიძულებს, წარსული გამოცდილებიდან უფრო მეტად ნეგატიური პრაქტიკები დავიმახსოვროთ[10], ვიდრე პოზტიური ამბები; მაგრამ სხვა გზა არ არის. უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში პოზიტივზე ვკონცენტრირდეთ და უახლოეს ხალხთან, სომხებთან ერთად, მოვემზადოთ მომავლის იმ უეჭველი მომენტისთვის, როდესაც საბოლოოდ გავთავისუფლდებით ამ ვიღაც უცხო, „მესამისგან“. ძველებს უთქვამთ, ჩხუბში ისეთ რამეს ნუ იტყვი, შერიგება გინდოდეს და გრცხვენოდესო. მიუხედავად, ჩვენი რადიკალურად განსხვავებული და რთული გეოპოლიტიკური არჩევანისა, მოდით, დავუტოვეთ ერთმანეთს სივრცე მანევრისთვის.
გიორგი მოლოდინი,
სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო, ხელმძღვანელი
[1] http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf
[2] https://ge.boell.org/ka/2017/12/15/somxeti-da-sakartvelo-mdgradi-urtiertoba
[4] https://www.radiotavisupleba.ge/a/30868457.html
[5] https://www.facebook.com/InfoArmy.ge/photos/638488786835736
[7] https://www.tiktok.com/@hasmik.edyan?lang=ru
[8] https://www.facebook.com/InfoArmy.ge/photos/640456669972281
[10] https://www.washingtonpost.com/science/2018/11/01/why-we-often-remember-bad-better-than-good/