იმნაძე ამბობს, რომ პირბადის ტარება მომავალი წლის ბოლომდე მოგვიწევს, მაგრამ შეზღუდვებით ცხოვრება – არა
22/12/2020 21:19:08 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ნიღბის ტარების და დისტანციის დაცვის აუცილებლობა შესაძლოა, მომავალი წლის ზამთრამდე გაგრძელდეს, მაგრამ სეზღუდვები აღარ იქნება.
"მომავალ წელს ასეთ რეჟიმში ნამდვილად არ ვიქნებით, ალბათ, ზაფხულშიც არ ვიქნებით ასეთ რეჟიმში. უბრალოდ, ნიღაბი და დისტანცია არსად არ წავა კაი ხანი – მომავალი წლის ზამთრამდეც შეიძლება, ნიღაბი და დისტანცია არსად წავიდეს, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება," - განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
რაც შეეხება შეზღუდვების მოკლე დროით და მცირედით შემსუბუქებას, იმნაძე კვლავ იმეორებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაცხადებულ პოზიციას, რომ ამის წინააღმდეგი იყო:
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი. 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით? სამწუხაროდ, ბევრი. უმძიმესი პაციენტები. 400- ზე მეტი ადამიანია რეანიმაციაში, ვინც აპარატზეა ჩართული“.


