Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი: "მომავალი 10 წლის განმავლობაში Covid 19 ჩვენთან იქნება"
22/12/2020 12:05:32 მსოფლიო
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ერთ–ერთი შემქმნელი უღურ შაჰინი აცხადებს, რომ "Covid 19 მსოფლიოში კიდევ 10 წლის განმავლობაში იქნება".
კითხვაზე, "როდისთვის ვარაუდობს, რომ მსოფლიო ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს", კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელმა შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ გვჭირდება სიტყვის "ნორმალური" ახალი განმარტება. ვირუსი დარჩება ჩვენთან შემდეგი 10 წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უფრო მეტი აფეთქებები იქნება".
მისი თქმით, ვაქცინა არსებულ ვითარებას სწრაფად ვერ შეცვლის:
"ჩვენ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობაზე ამ ზამთარში გავლენას ვერ მოვახდენთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ამის საშუალება მომავალი ზამთრისთვის".
მისივე თქმით, კომპანია გეგმავს, 2021 წლის ბოლოსთვის ვაქცინის 1,3 მილიარდი დოზა აწარმოოს.
18 ნოემბერს ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრები უკვე მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ–სა და კანადაში. 21 დეკემბერს ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტომ BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 718 158 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 709 011 ადამიანი იმსხვერპლა. 54 593 404 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 188 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2182 გარდაიცვალა.


