ცქიტიშვილი: "ქვეყანა მასიურად არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას, ამიტომ არ გვაქვს დასვენების დღე"
22/12/2020 10:27:22 საზოგადოება
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "მართალია, კათოლიკური შობის ღამეს "კომენდანტის საათი" არ მოიხსნება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეეძლება, რელიგიურ მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა".
ცქიტიშვილმა კონფესიებს მოუწოდა, რომ ერთჯერადი საშვების მისაღებად, შესაბამის სამსახურებს მრევლის სია გადასცენ ან დარეკონ 144-ზე.
მისი თქმით, შეზღუდვების მოქმედების პირველი ტალღის დროს, აღდგომის დღესასწაულზე, ადამიანებს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონიათ.
"ჩვენ საქართველოში ყველანი აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ჩვენ, სამწუხაროდ, კათოლიკურ შობაზე დასვენების დღე არ გვაქვს. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღე. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე მართლმადიდებლური კალენდრით აღსანიშნავი შობის - 6 იანვრის ღამე.


