"კოვიდ–კლინიკების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა"
22/12/2020 08:23:54 საზოგადოება
"კოვიდ–კლინიკების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა", – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული.
„დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა. ასევე, პაციენტებს ბინაზე მკურნალობის მომსახურებას აწვდიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მათზე მიმაგრებული ოჯახის ექიმები. დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


