Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი: "მე ჯერ არ ამიცრია. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩემმა თანამშრომლებმა აიცრან"
22/12/2020 06:54:05 მსოფლიო
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ერთ–ერთი შემქმნელი უღურ შაჰინი აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრა ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.
"მე ჯერ არ ამიცრია. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩემმა თანამშრომლებმა აიცრან, რათა მათ შეძლონ, თავიანთი საქმის შეუფერხებლად გაგრძელება", – განაცხადა შაჰინმა.
18 ნოემბერს ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრები უკვე მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ–სა და კანადაში. 21 დეკემბერს ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტომ BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 718 158 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 709 011 ადამიანი იმსხვერპლა. 54 593 404 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 184 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2140 გარდაიცვალა.


